English / ქართული / русский /
მალხაზ ჩიქობავა
თანამედროვე საბანკო კრიზისი, როგორც კომერციული ბანკების ეპოქის დასრულების მაუწყებელი

ანოტაცია. სტატიაში განხილულია 2023 წლის მარტში აშშ-ის რამდენიმე კომერციული ბანკის (Silicon Valley Bank, Signature Bank, Silvergate Bank) გაკოტრების მიზეზები და საყოველთაო საბანკო კრიზისის მოსალოდნელი ტალღის შესაძლებლობები.

ფინანსური კრიზისის მოსალოდნელ საშიშროებაზე დაიწყო საუბრები მას შემდეგ, როდესაც ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გასული წლის მარტიდან დაიწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რომელსაც ასაბუთებდა რეკორდული მაღალი ინფლაციის ტემპების დათრგუნვის აუცილებლობით.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი პოლიტიკა მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა ჯერ ერთი იმიტომ, რომ კრედიტები მიუწვდომელი და ძვირი გახდება ეკონომიკის არასაფინანსო სექტორის კომპანიებისათვის. მეორე იმიტომ, რომ მრავალ ბანკში დაიწყება მათივე აქტივების გაუფასურება. ბანკების აქტივები ბოლო წლების განმავლობაში ყალიბდებოდა სახაზინო და იპოთეკური ფასიანი ქაღალდების ხარჯზე ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით (დაბალი ის იყო იმიტომ, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის საკვანძო განაკვეთი ახლოს იყო ნულოვან მაჩვენებელთან). როდესაც შარშან ფედ-მა საკვანძო განაკვეთის მკვეთრად ამაღლება დაიწყო (რომელიც დღეისათვის 5,25%-ია), ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, საინვესტიციო ფონდების აქტივებში არსებული გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების (განსაკუთრებით სახაზინო ობლიგაციების) გაუფასურება დაიწყო. ყოველივე ამან მიმდინარე წლის მარტში გამოიწვია შემდეგი ამერიკული ბანკების: Silicon Valley Bank, Signature Bank, Silvergate Bank-ის გაკოტრება, რამაც საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა ზოგადად კომერციული ბანკების უსაფრთხო მომავალთან დაკავშირებით.

ყველაფერს, რაც აშშ-ის მონეტარულმა ხელისუფლებამ გააკეთა ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში, არ შეიძლება ეწოდოს პრობლემების გადაწყვეტა. მონეტარული და ფინანსური პოლიტიკა დაყვანილ იქნა კრიზისის გაჭიანურებამდე, მის მომავალში გადატანაზე. და აი, მომავალიც დადგა. ის შეიძლება ზუსტად დათარიღდეს 2023 წლის 10 მარტით, როდესაც SVB გაკოტრდა.

საკვანძო სიტყვები: ინფლაცია, საკვანძო განაკვეთი, სახაზინო ვალდებულეები, დეპოზიტების დაზღვევა, საბანკო კრიზისი, კომერციული ბანკები, ოქროს სტანდარტი, ვალდებულებების ნაწილობრივი დაფარვა.

საუბრები იმის შესახებ, რომ აშშ-ს უახლოეს მომავალში მოელის კრიზისი, ჯერ კიდევ გასული წლის შუა პერიოდში დაიწყო, როდესაც ნათელი გახდა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა დაადგა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების კურსს. ამერიკის ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო საკვანძო განაკვეთის ამაღლება და მას ასაბუთებდა ინფლაციის დათრგუნვის აუცილებლობით, რომელმაც რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

ამგვარი პოლიტიკა მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა: ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციას ვერ დაამარცხებს, კრიზისის პროვოცირებას კი მოახდენს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ კრედიტები მიუწვდომელი და ძვირი გახდება ეკონომიკის არასაფინანსო სექტორის კომპანიებისათვის. მეორე, იმიტომ, რომ მრავალ ბანკში დაიწყება მათივე აქტივების გაუფასურება. აკი ბანკების აქტივები ბოლო წლების განმავლობაში ყალიბდებოდა სახაზინო და იპოთეკური ფასიანი ქაღალდების ხარჯზე ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით (დაბალი ის იყო იმიტომ, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის საკვანძო განაკვეთი ახლოს იყო ნულოვან მაჩვენებელთან). როდესაც შარშან ფედ-მა საკვანძო განაკვეთის მკვეთრად ამაღლება დაიწყო (რომელიც დღეისათვის 5,25%-ია), ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, საინვესტიციო ფონდების აქტივებში არსებული გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების (განსაკუთრებით სახაზინო ობლიგაციების) გაუფასურება დაიწყო. ვინ გადაიხდის მომავალში ფასიანი ქაღალდის ნომინალსაც კი, რომელსაც 1, მაქსიმუმ, 2-პროცენტიანი, სრულიად სასაცილო შემოსავლიანობა გააჩნია?

ფედ-ის თავმჯდომარემ ჯერომი პაუელმა გასული წლის გაზაფხულზე აღელვებულმა განაცხადა, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნაწილი გახდება ფედ-ის აქტივების შემცირება „გრძელი“ პოზიციის ფასიანი ქაღალდების პორტფელის გაყიდვის მეშვეობით. ამგვარად, ამერიკული ცენტრალური ბანკი აპირებდა ქვეყანაში ფულადი მასის შემცირებას და ფასების ინფლაციური ზრდის აღმოფხვრას. უკვე „გრძელი“ პოზიციის ფასიანი ქაღალდების პირველმა გაყიდვებმა გამოიწვია დანაკარგები ამერიკის ცენტრალური ბანკისათვის ყოველთვიურ საფუძველზე, ამიტომ ფედრეზერვი ამჟამად წყვეტს თავისი პორტფელის გაყიდვას. 2022 წლის მარტის მდგომარეობით ფულადი მასა შეადგენდა 21,8 ტრლნ დოლარს, ამჟამად ის შეადგენს 21,2 ტრლნ დოლარს. ამგვარი სიმბოლური შემცირების შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა მოხდეს ინფლაციის აღმოფხვრა.

პირველი მსხვილი ამერიკული საკრედიტო ორგანიზაცია, რომელიც იძულებული გახდა გამოემზეურებინა თავისი ფარული დანაკარგები, Silicon Valley Bank – SVB (სილიკონი ველი ბანკი) აღმოჩნდა, რომელიც ამერიკული ბანკების რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებდა აქტივების მაჩვენებლით (2022 წლის ბოლოსათვის მისმა აქტივებმა 212 მლრდ დოლარი შეადგინა). ამჟამად SVB-ს ადარებენ ამერიკულ საინვესტიციო ბანკ Lehman Brothers-ს, რომელიც 2008 წელს გაკოტრდა და რამაც ბიძგი მისცა 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის მომდევნო ფაზის დაწყებას.

დავაზუსტოთ, რომ SVB 10 მარტს გაკოტრდა. აღნიშნული ბანკი დაფუძნდა 1983 წელს და სპეციალიზებული იყო ჰაიტეკის (მაღლტექნოლოგიური) კომპანიების მომსახურებაზე (სწორედ აქედან მომდინარეობს სახელწოდება „სილიკონი ველის ბანკი“). მან შეძლო დაეძლია ისეთი ფინანსური შტორმები, როგორიც იყო NASDAQ-ის საფონდო ბაზრის ჩამოშლა XX–XXI საუკუნეების მიჯნაზე და 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისი. ბანკის სწრაფი ზრდა დაფიქსირდა XXI საუკუნის მეორე და მესამე ათწლეულების მიჯნაზე: დეპოზიტები თითქმის სამჯერ გაიზარდა – 2019 წლის ბოლოსათვის არსებული 62 მლრდ დოლარიდან 189 მლრდ დოლარამდე 2021 წლის ბოლოსათვის.

და სწორედ ამ დროს ბანკმა დაუშვა სასიკვდილო შეცდომა: თავსდატეხილი „პანდემიის“ გამო მაღალტექნოლოგიური სტარტაპებით დაკავებული ბიზნესის მხრიდან კრედიტებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. SVB-მა დაიწყო კრედიტების ჩანაცვლება სახაზინო და იპოთეკური ფასიანი ქაღალდების სახით. 2022 წლის დასაწყისში ბანკის 212 მლრდ დოლარის ოდენობის აქტივებიდან 55% დაბანდებულ იქნა აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებში. ეს იყო ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც აფეთქდა კიდეც.

2022 წლის ბოლოსათვის ბანკს გააჩნდა 157 მლრდ დოლარის დეპოზიტი სულ რაღაც 37000 ანგარიშზე. დეპოზიტებიდან საშუალებების გამოტანა შეიმჩნეოდა 10 მარტამდე, მაგრამ ის მცოცავი ხასიათისა იყო. SVB ყიდდა საკუთარი პორტფელიდან სახაზინო ფასიან ქაღალდებს დანაკარგებით იმისათვის, რათა დაეკმაყოფილებინა დეპოზიტების მფლობელი კლიენტების მოთხოვნები. 21 მლრდ დოლარის ოდენობის ფასიანი ქაღალდების გაყიდვის შემდეგ ბანკმა განაცხადა წარმოქმნილ დანაკარგზე, რომელიც 1,8 მლრდ დოლარს შეადგენდა. დანაკარგებმა კი ბანკი აიძულა გამოეცხადებინა აქციების დამატებითი ემისია 1,75 მლრდ დოლარის ოდენობით კაპიტალის გასამყარებლად, მაგრამ დანაკარგებზე განცხადებამ და დამატებითმა ემისიამ ბანკის საწინააღმდეგოდ იმუშავა, დაეცა ბანკის აქციების კურსი და დაიწყო ბანკის მეანაბრეების პანიკის პროვოცირება. 9 მარტისათვის SVB-ის აქციები 60%-ით დაეცა. მთლიანობაში კლიენტებმა მოხსნეს დეპოზიტები 42 მლრდ დოლარის ოდენობით, რომლის შემდეგ დადგა კლასიკური საბანკო კრახი.

ექსპერტებმა, რომლებმაც გააანალიზეს კრახის მიზეზები, დათვალეს, რომ რეალურად SVB-ის დეპოზიტები დაახლოებით ერთნახევარჯერ აჭარბებდა ბანკის აქტივებს, რომელიც მათი მიმდინარე საბაზრო ღირებულებით იყო გამოთვლილი.

SVB-სთან თითქმის სინქრონულად მიდიოდა კრახისკენ მეორე კალიფორნიული ბანკი – Silvergate Bank, თუმცა ბევრად უფრო ნაკლები აქტივებით (11 მლრდ დოლარი). მისი კლიენტები იყვნენ უპირატესად კრიპტოვალუტებით დაკავებული ფირმები. ბანკს პრობლემები გასულ წელს შეექმნა, როცა მისი კლიენტები გადააწყდნენ FTX კრიპტობირჟის კრახს და დაიწყეს ბანკიდან ფულის გამოტანა. ბანკი ზარალიანი გახდა ფასიანი ქაღალდების იძულებითი სწრაფი გაყიდვის გამო. 8 მარტს მან გამოაცხადა ოპერაციების შეწყვეტისა და ლიკვიდაციის გეგმების შესახებ.

„Silicon Valley Bank – ეს მხოლოდ აისბერგის სიმაღლეა“ – განაცხადა 10 მარტს ფინანსური კონსალტინგური ფირმის Whalen Global Advisors-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ქრისტოფერ უელენმა (Chritopher Whalen). მისი პროგნოზით, მსხვილი მოთამაშეები, სავარაუდოდ, გადაიტანენ მოსალოდნელ არასტაბილურობას, „მაგრამ მრავალი მცირე ფირმა მიიღებს კარგ გაკვეთილს“. „მრავალ ფირმას მოუწევს სააქციო კაპიტალის მოზიდვა“ – განაცხადა უელენმა (Newswire, 2023).

10 მარტს ექსპერტები სხვამდნენ კითხვას: ვინ იქნება შემდეგი (SVB-ის შემდეგ)? პასუხმაც არ დააყოვნა. 12 მარტს მარეგულირებელმა ორგანოებმა დახურეს ნიუ-იორკის ბანკი Signature Bank (აქტივები – 110,4 მლრდ დოლარი).

შეირყა სხვა მრავალი ბანკიც, რაზეც მეტყველებს საბირჟო კოტირებები. ბანკმა First Republic (იკავებს მე-14 ადგილს ამერიკული ბანკების რეიტინგში აქტივების მაჩვენებლით) გადაწყვიტა თავისი კლიენტების დაიმედება: მან განაცხადა, რომ შეავსო ხელმისაწვდომი დაფინანსება ფედ-ისა და JP Morgan-ის მეშვეობით. მაგრამ ყველაფერი პირიქით განვითარდა. 13 მარტს First Republic Bank-ის აქციები 75%-ით შემცირდა და ვაჭრობაც ამით შეჩერდა.

იმავე დღეს 54%-ით დაეცა PacWest Bancorp-ის აქციებიც და ვაჭრობაც შეჩერდა, ასევე 38%-ით დაეცა KeyCorp-ის აქციები და ვაჭრობაც ამით შეწყდა, ხოლო Comerica Inc.-ის აქციები 44%-ით დაეცა. კოტირების მკვეთრი ვარდნის გამო ვაჭრობა დროებით შეწყდა შემდეგი ბანკების ფასიანი ქაღალდებით: Charles Schwab, Western Alliance, PacWest, ZIONS Bancorp, Regions Financial, Customers Bancorp. დაეცა უოლ-სტრიტის წამყვანი ბანკების აქციებიც კი: JPMorgan Chase & Co-ს აქციები 1,3%-ით დაეცა, ხოლო Bank of America Corp-ის აქციები – 4,5%-ით.

პანიკის ტალღა გაცდა აშშ-ის ფარგლებს და მან სხვა ქვეყნებიც მოიცვა. 13 მარტს ევროპული და აზიური საკრედიტო ორგანიზაციების აქციებიც გაუფასურდა, რამაც ჩაიყოლია საფონდო ინდექსებიც. საერთო ევროპული Stoxx 600 2,5%-ით შემცირდა, ევროპული ბანკების აქციები, საშუალოდ, 6%-ით დაეცა, Commerzbank-ის ფასიანი ქაღალდები 12%-ით გაიაფდა, Credit Suisse-i აქციები – 9,5%-ით, ხოლო HSBC-ს აქციები – 3,5%-ით.

მაშასადამე, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა სამმა ბანკმა, რომელთა აქტივები 333 მლრდ დოლარს შეადგენდა. გავლენიანმა ინვესტორმა, მილიარდერმა ბილ აკმანმა უკვე 10 მარტს განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა იმოქმედოს ოპერატიულად, სხვაგვარად დაიწყება ბანკებიდან ანაბრების პანიკური გატანა, როგორც ეს XX საუკუნის 30-იან წლებში მოხდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 13 მარტს განაცხადა, რომ ხელისუფლება თავიანთ დეპოზიტებზე წვდომის შენარჩუნების გარანტიას აძლევს SVB-ის მეანაბრეებს, მაგრამ ბანკის ხელმძღვანელობა პასუხისგებაში მიეცა, ხოლო საკრედიტო ორგანიზაციების წესები გამკაცრდა. თეთრი სახლის ამჟამინდელმა მეთაურმა დაადანაშაულა თავისი წინამორბედი ტრამპი იმაში, რომ მან შეასუსტა მოთხოვნები საკრედიტო ორგანიზაციებისადმი, რამაც მიგვიყვანა SVB-ის კრახთან.

დონალდ ტრამპი ახდენს მომხდარის უმძიმესი შედეგების პროგნოზირებას: „გამომდინარე იქედან, თუ რა ხდება ჩვენს ეკონომიკაში, ჯო ბაიდენი გახდება თანამედროვე ეპოქის ჰერბერტ ჰუვერი (ამერიკის პრეზიდენტი 1929-1933 წლებში). ჩვენთან იქნება დიდი დეპრესია, გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე იყო 1929 წელს. ჩემს სიტყვებს ადასტურებს ის, რომ ბანკები კოტრდებიან“.

12 მარტს ოპერატიულად იქნა გამოქვეყნებული აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს, ფედ-ისა და FDIC-ის (დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის) ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 13 მარტიდან SVB-ისა და Signature Bank-ის მეანაბრეები მიიღებენ სრულ წვდომას თავიანთ დეპოზიტებზე. გავიხსენოთ, რომ დაზღვევის სისტემა აშშ-ში ვრცელდება 250 000 დოლარის ოდენობის დეპოზიტებზე. SVB-ის დეპოზიტების დაახლოებით 95% აჭარბებდა სადაზღვევო თანხას. განცხადებაში ნათქვამია, თუმცა არც ისე ნათლად, რომ კომპენსაცია გაიცემა იმ დეპოზიტებზეც, რომლებიც არ ხვდება დაზღვევის ფარგლებში; ასევე გამოცხადდა, რომ დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია მიიღებდა დამატებით ლიკვიდურობას მეანაბრეების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ეჭვგარეშეა, რომ მთელი ამერიკა (და შესაძლოა მთელი მსოფლიოც) გაფაციცებით დააკვირდება იმას, თუ როგორ განხორციელდება ორი ამერიკული ბანკის მეანაბრეების საშუალებების გადარჩენის ოპერაცია. ვფიქრობთ, რომ ხაზინას, ფედერალურ რეზერვსა და FDIC-ს მოუწევთ რაც შეიძლება სწრაფად გახსნან საფულე, რათა დააკმაყოფილონ მოთხოვნები არა მხოლოდ დეპოზიტების დაზღვეული ნაწილისთვის, არამედ მათი დანარჩენი (დაუფარავი) ნაწილისთვისაც.

SVB-ის კრახის შედეგები ძალიან ბევრია. ამერიკულ ბიზნესს განსაკუთრებით აინტერესებს ის, თუ როგორ იმოქმედებს 10 მარტის მოვლენები ფედ-ის საკვანძო განაკვეთზე. ჯერომი პაუელი იმუქრებოდა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე გააგრძელებდა საკვანძო განაკვეთების ზრდას, ახლა კი ამის ალბათობა ნულია. კამათი მიმდინარეობს მხოლოდ იმ საკითხზე, განაკვეთი მიმდინარე დონეზე გაიყინება თუ მოხდება მისი შემცირება.

და ჩვენ უკვე ვხედავთ 10 მარტის მოვლენის შედეგებს როგორც ევროპაში, ასევე სხვა ქვეყნებში, სადაც მრავალი ბანკის საბირჟო კვოტირება დაეცა და ის კვლავ აგრძელებს ვარდნას. როგორც ჩანს, ინვესტორებს შორის ჩამოყალიბდა გარკვეული აზრი, იმის გაგება, რომ ბანკების აქტივებმა დაკარგეს თავდაპირველი ღირებულების ნაწილი და ისინი შეიძლება არ იყოს საკმარისი დეპოზიტების ვალდებულებების დასაფარად. ჯერჯერობით, სხვა ქვეყნების საბედნიეროდ, იქ ბანკებზე მეანაბრეების მასობრივი მიდინება არ ყოფილა. SVB წარმოადგენს საერთაშორისო სტრქტურას, რომელსაც განყოფილებები და ფილიალები გააჩნია ევროპაში, ინდოეთში, ისრაელსა და ჩინეთში. ბანკის დახურვა ნიშნავს მისი საზღვარგარეთული ფილიალების დახურვას და ჰაიტეკის ადგილობრივი კომპანიების მომსახურების ავტომატურად შეწყვეტას. იმისათვის, რომ გადარჩეს ასობით ინგლისური კომპანია, რომელთა მომსახურება ხდებოდა SVB-ის ბრიტანულ ფილიალებში, ქვეყნის მონეტარულმა ხელისუფლებამ მოილაპარაკა მსოფლიოში ცნობილ ბანკთან – HSBC-თან, ამ ფილიალის სიმბოლურ 1 ფუნტ სტერლიგად ყიდვის თაობაზე.

გავიხსენოთ აშშ-ში 15 წლის წინათ წარმოქმნილი სიტუაცია, რომელიც ზემოაღწერილის მსგავსია. Lehman Brothers-ის კრახის შემდეგ მრავალმა იწინასწარმეტყველა, რომ ამერიკაში მოხდებოდა ის, რაც მოხდა XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში. 20-იან წლებში აშშ-ში 20 ათასამდე ბანკი არსებობდა. 1929 წლის ოქტომბრის შემდეგ 1993 წლის ბოლომდე 9 ათასზე მეტი საკრედიტო ორგანიზაცია გაკოტრდა.

2000 წლის ბოლოსათვის აშშ-ის ხელისუფლებამ მიმართა ყველა შესაძლო საშუალებას იმისათვის, რათა კატასტროფა არ განმეორებულიყო – ბანკების გადასარჩენად გადაისროლა ფედერალური სარეზერვო სისტემის კრედიტები, რომლებიც ტრილიონობით დოლარს შეადგენდა. გარდა ამისა, ფედერალურმა მთავრობამ ბიუჯეტიდან თითქმის 2 ტრილიონი დოლარის დახმარება გამოყო (აღსანიშნავია, რომ მაშინ საბანკო სისტემაში სახელმწიფო ფული შევიდა აქციების შესყიდვით, ანუ მოხდა უოლ სტრიტის ბანკების დროებითი, ანუ ტექნიკური ნაციონალიზაცია). მაშინ ხელისუფლებამ გადაარჩინა აწმყო, პრობლემების მომავლისთვის გადადებით, რაც გამოიხატა ფედ-ის აქტივების უზომო გაბერვით, ფულის მიწოდების გააფთრებული ზრდით, საფონდო ბუშტების გაბერვით, სახელმწიფო ვალის პირამიდის აგებით, ბანკებისთვის ინვესტირების ნებართვით (1933 წელს მიღებული Glass-Steagall Act-ის გაუქმება), ბანკებისათვის ნორმატივების შერბილებით და ა.შ.

ყველაფერს, რაც აშშ-ის მონეტარულმა ხელისუფლებამ გააკეთა ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში, არ შეიძლება ეწოდოს პრობლემების გადაწყვეტა. მონეტარული და ფინანსური პოლიტიკა დაყვანილ იქნა კრიზისის გაჭიანურებამდე, მის მომავალში გადატანაზე და აი, მომავალიც დადგა. ის შეიძლება ზუსტად დათარიღდეს – 2023 წლის 10 მარტი, როდესაც SVB გაკოტრდა.

სამი ამერიკული ბანკის (Silicon Valley Bank, Signature Bank და Silvergate Bank) წარუმატებლობამ და შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის თითქმის გაკოტრებამ ყველა საბანკო სისტემის მომავალზე დააფიქრა. ექსპერტების უმეტესობა პროგნოზირებს საბანკო კრიზისს და საკრედიტო ინსტიტუტების მნიშვნელოვანი ნაწილის კოლაფსს. გასული ეკონომიკური კრიზისების გაანალიზებისას ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს იყო ამავე დროს საბანკო კრიზისი. უფრო მეტიც, საკრედიტო დაწესებულებების შედარებითი სიკვდილიანობის მაჩვენებელი, როგორც წესი, უფრო მაღალი იყო, ვიდრე ეკონომიკის სხვა სექტორების უმეტესი ორგანიზაციების სიკვდილიანობა.

ყველაზე ხშირად, ბანკების წარუმატებლობა აიხსნება იმით, რომ საკრედიტო დაწესებულებების კლიენტებს შორის არის პანიკა, რაც იწვევს ბანკების რეიდებს. ახლა დასავლეთში არაერთი სერიოზული პუბლიკაცია გამოჩნდა თანამედროვე ბანკების თანდაყოლილი არასტაბილურობის ახსნა-განმარტებით.

თუ არასტაბილურობის მიზეზს ერთი ფრაზით დავასახელებთ, მაშინ ეს ბანკების ვალდებულებების არასრული დაფარვაა.

ყურადღება გვინდა შევაჩეროთ ძალზე საინტერესო სტატიაზე: Unsound Banking: Why Most of World's Banks are Headed for Collapse (არასანდო საბანკო საქმე: რატომ არის მსოფლიოს ბანკების უმეტესი ნაწილი კოლაფსის წინაშე) (Casey, 2023). მასში ძალიან მარტივადაა ახსნილი, თუ რა არის საკრედიტო ინსტიტუტების „არგადახდა“ და რატომ ხდის მათ დაშლას თითქმის გარდაუვალს.

სტატიის ავტორია დუგ კეისი (Doug Casey), ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი, Casey Research-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელიც ეხება ანალიტიკას ფინანსების, ენერგეტიკის, სამთო ინდუსტრიის, ლითონების ბაზრებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

დაგ კეისი დასავლური ეკონომიკური მეინსტრიმის კრიტიკოსია. ის იცავს ავსტრიული ეკონომიკის სკოლის შეხედულებებს, არის ოქროს ვალუტის მომხრე და რამდენიმე ფინანსური ბესტსელერის ავტორი. ის ცნობილი გახდა 1980 წელს გამოცემული წიგნით „სტრატეგიული ინვესტირება“ (Strategic Investing), რომელიც აშშ-ში გახდა წლის ფინანსური ბესტსელერი. მისი ზოგიერთი განცხადება საკმაოდ პარადოქსულია და გვაიძულებს დავფიქრდეთ, თუ რა სამყაროში ვცხოვრობთ და რა სამყაროში უნდა ვიცხოვროთ. მაგალითად, 2009 წელს თავის გამოსვლაში სახელწოდებით „ჩემი განსაცდელი მესამე სამყაროში“, ის გვთავაზობს პატარა ქვეყნის პრივატიზებას და მის საჯარო კომპანიად გადაქცევას ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე.

დავუბრუნდეთ კეისის სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ თანამედროვე საბანკო სისტემა მრავალსაუკუნოვანი ევოლუციის შედეგია. მისი ყურადღების ცენტრში არიან იუველირები, რომლებსაც ძვირფას ლითონებთან, უპირველეს ყოვლისა, ოქროსთან ჰქონდათ შეხება. მათ ჰქონდათ კარგად გამაგრებული სათავსოები ძვირფასი ლითონების შესანახად. თავდაპირველად ისინი ამ საცავებში ლითონების მხოლოდ საკუთარ მარაგს ათავსებდნენ, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ დაუმატეს ერთგვარი „შემნახველი საკნის“ ფუნქცია, რომლის გამოყენება სხვა მოქალაქეებმაც დაიწყეს. მათ თავიანთი ლითონი (ოქრო, ვერცხლი) დააბანდეს იუველირთან და მიიღეს სასაწყობო ხელწერილი (ქვითარი). დროთა განმავ-ლობაში ამ ხელწერილებმა მონეტებთან ერთად ფულის ფუნქციების შესრულება დაიწყო. ეს იყო პირველი ქაღალდის ფულის ნიშნები, თანაც 100%-ანი ლითონის უზრუნველყოფით, რომელიც ინახებოდა იუველირთან. სინამდვილეში, შეუმჩნევლად იუველირმა ხელწერილი-ფულადი ნიშნების (ბანკნოტების) ემიტენტად გადაქცევა დაიწყო. დროის გარკვეულ მომენტში ამგვარ იუველირ-ემიტენტს უჩნდება დამატებითი რაოდენობის ხელწერილების გამოშვების ცდუნება, რაც აღემატება შესანახად მიბარებული ლითონით უზრუნველყოფილ რაოდენობას. ასე ჩნდება ფულის არაუზრუნველყოფილი გაცემა, ვალდებულებების არასრული დაფარვა და ის, რასაც დღეს „ჰაერიდან ფულის კეთება“ ჰქვია.

ფულის არაუზრუნველყოფილი ემისიის პრაქტიკა თანამედროვე დროში მიიღეს ბანკებმა, რომლებმაც შეცვალეს იუველირ-მევახშეები. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მრავალი აპროტესტებდა ბანკირების ამ თაღლითობას და მოითხოვა კანონით აეკრძალათ ბანკებისთვის ფულადი ნიშნების გამოშვება, რომლებიც არ იყო გამყარებული ლითონებით და სხვა მაღალი ლიკვიდური საქონლის მარაგებით. საბანკო თაღლითობა ნაწილობრივ დაითრგუნა იმით, რომ ევროპაში დაიწყეს ოქროს სტანდარტის შემოღება, რომელიც ცენტრალურ ბანკებს ავალდებულებდა ფულის გამოშვებას ძვირფასი ლითონების მარაგებზე დაყრდნობით. დუგლას კეისი ოქროს სტანდარტის ეპოქაზე წერს: „ოქროზე სასაწყობო ხელწერილები იწოდებოდა ბანკნოტებად. როცა მათ უშვებდა მთავრობა, მათ ეწოდებოდა ვალუტა. ოქროს ზოდები, მონეტები, ბანკნოტები და ვალუტა შეადგენდა ტრანზაქციების განხორციელების საშუალებების საზოგადოებრივ მარაგს, მაგრამ მათი რაოდენობა მკაცრად იყო შეზღუდული ოქროს ხელმისაწვდომი რაოდენობით“.
ოქროს სტანდარტის ეპოქა არ უნდა იქნეს იდეალიზებული. ჯერ ერთი, არცერთ ქვეყანაში ოქროს სტანდარტი არ ითვალისწინებდა ემისიების 100%-იან მხარდაჭერას ცენტრალური ბანკის ოქროს მარაგებით. მეორეც, ფულის ემისიას ახორციელებდნენ კომერციული ბანკები, რომლებიც ძალიან ხშირად უგულებელყოფდნენ ოქროს სტანდარტებს.

მე-20 საუკუნეში დაიწყო ოქროს სტანდარტის დაშლა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოქრო-დოლარის სტანდარტმა დაიწყო მოქმედება, მაგრამ ამ შეკვეცილმა ოქროს სტანდარტმა ასევე შეწყვიტა მოქმედება 1971 წელს, როდესაც აშშ-ის ხაზინამ უარი თქვა „ყვითელი ლითონის“ „მწვანე ქაღალდზე“ გაცვლაზე. 1976 წელს იამაიკაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებულ იქნა ოფიციალური გადაწყვეტილება ოქროს დოლარის სტანდარტის ქაღალდის დოლარის სტანდარტით ჩანაცვლების შესახებ.

ახლა კი, უკვე ნახევარი საუკუნეა, რაც საბანკო სამყაროში გრძელდება ყოველმხრივ შეუზღუდავი ვაკხანალია, რასაც ეძახიან ვალდებულებების არასრულ დაფარვასა და ჰაერიდან ფულის გამომუშავებას. როგორც დუგ კეისი აღნიშნავს, ბევრს გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ბანკები ჩვეულებრივი „ფინანსური შუამავლებია: ისინი იღებენ ფულს კლიენტებისგან დეპოზიტებისთვის და სხვა ანგარიშებისთვის, შემდეგ კი ამ ფულს აძლევენ სხვა კლიენტებს სესხის სახით. მაგრამ ეს ასე არ არის. პირობითად რომ ვთქვათ, კლიენტის მიერ დეპოზიტზე განთავსებულ 1 დოლარზე ბანკს შეუძლია გასცეს კრედიტი 3,5 ან თუნდაც 10 დოლარი სხვა კლიენტზე. და ეს საწყისი 1 დოლარი მიდის რეზერვების ფორმირებაზე ცენტრალური ბანკის მოთხოვნების შესაბამისად (რეზერვები ჩვეულებრივ ინახება ცენტრალურ ბანკში). ხოლო გაცემული ახალი ფული (ჩვენს პირობით მაგალითში, ვთქვათ, ეს იყოს 5 დოლარი) განთავსდება იქვე, იმავე ბანკის ანგარიშზე. ამგვარად, საბანკო ანგარიშებზე წარმოიქმნა 6 დოლარი, თანაც, 1 დოლარის თანხა უზრუნველყოფილია, დარჩენილი 5 დოლარი კი – არაუზრუნველყოფილი. ასეთ საბანკო „ქიმიას“ ლიტერატურაში ასევე უწოდებენ „ნაწილობრივ საბანკო დარეზერვებას“ ან „განსაკუთრებით დიდი მასშტაბით ყალბი ფულის შექმნას“ (Катасонова, 2020).

ზემოთ მოვიყვანე დუგ კეისის მოსაზრებები ბანკების „ვალდებულებების არასრული დაფარვის“ პრაქტიკის შესახებ. სპეციალისტებისთვის ეს ცნობილია, მაგრამ არის ერთი მომენტი, რომელიც აქამდე არ მსმენია მათგან, ვინც წერდა „ვალდებულებების არასრული დაფარვის“ შესახებ. დუგ კეისი ბანკების ამგვარი „ყალბი ფულის შექმნის“ მთავარ დამნაშავედ ცენტრალურ ბანკებს მიიჩნევს.

შუასაუკუნეების იუველირები, რომლებიც გასცემდნენ ჭარბი რაოდენობით „სასაწყობო ხელწერილებს“, რა თქმა უნდა, განიცდიდნენ შიშს, ხვდებოდნენ რა, რომ ისინი სიცრუით იყვნენ დაკავებულნი და რომ ეს სიცრუე შეიძლება გამოაშკარავებულიყო. მართლაც, სიცრუე აშკარავდებოდა, ხელწერილების მფლობელები ერთბაშად აწყდებოდნენ იუველირებს და როცა ვერ ღებულობდნენ სანაცვლოდ თავიანთ ოქროს, თაღლითებს ხშირად კლავდნენ. კომერციულ ბანკებს არ უწევთ ამდენი ნერვიულობა „ვალდებულებების არასრულ დაფარვაზე“, რადგანაც არსებობს ცენტრალური ბანკი, რომელსაც უწოდებენ „ბოლო ინსტანციის კრედიტორს“. მან უნდა დაფაროს ის ვალდებულება, რომლის დაფარვის უნარი კომერციულ ბანკს არ ექნება. დაგ კეისი წერს: „ცენტრალური ბანკების გაჩენამ ეს შიში გაანელა, ვინაიდან გაჩნდა ბოლო ინსტანციის კრედიტორი. რადგანაც ცენტრალური ბანკები ყოველთვის მზად არიან გასცენ კრედიტები, ბანკირებს შეუძლიათ თავისუფლად გასცენ დაპირებები მაშინაც კი, როცა მათ არ შეუძლიათ ამ დაპირებების შესრულება დამოუკიდებლად“.

ადრეულ პერიოდში, როდესაც ოქროს სტანდარტი ჯერ კიდევ მოქმედებდა, ცენტრალურ ბანკებს ხშირად არ უწევდათ ბოლო ინსტანციის კრედიტორების როლის შესრულება და ბანკების გადარჩენა, მაგრამ როდესაც ოქროს სტანდარტმა დაიწყო ეროზია, შემდეგ კი საბოლოოდ გაქრა, ცენტრალური ბანკები ვეღარ უმკლავდებოდნენ „მაშველის“ მოვალეობებს. ყალბი ფულის შექმნაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესების მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. პირიქით, შემცირდა სავალდებულო რეზერვის ნორმები (აქა-იქ გაუქმდა კიდეც). ყოველივე ამის შემდეგ, ნორმების შესუსტება არის ჰაერიდან ფულის გამომუშავების დამატებითი შესაძლებლობა: „ნაწილობრივი დარეზერვების სისტემა მიზეზია იმისა, თუ რატომაა საბანკო საქმე უფრო მომგებიანი, ვიდრე ჩვეულებრივი ბიზნესი“. სხვათა შორის, მე აღვნიშნავ ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებას, რომ ნაწილობრივი დარეზერვება საბანკო საქმეს უფრო მომგებიანს ხდის, ვიდრე ნარკობიზნესი.

სავალუტო ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ იაფი იქნებოდა არა ბანკების გადარჩენა, არამედ ბანკის კლიენტებისთვის დეპოზიტების უსაფრთხოების გარანტიების მიცემა. დაიწყო საბანკო დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნა. დაგ კეისი წერს, რომ „აშშ-ში (ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში) ბანკების ბანკროტობისგან დაცვა უზრუნველყოფილია არა გონივრული პრაქტიკით, არამედ კანონებით. 1934 წელს კომერციული ბანკების მიმართ ნდობის აღსადგენად აშშ-ის მთავრობამ დააარსა დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია (FDIC), რომელიც აზღვევდა დეპოზიტებს 2500 აშშ დოლარის ოდენობით თითოეულ მეანაბრეზე ყოველ ბანკში, საბოლოოდ კი სადაზღვევო დაფარვა 250 000 დოლარამდე გაიზარდა. ევროპაში სახელმწიფოს მიერ გარანტირებული თანხა 100 ათასი ევროს ტოლია“.

დუგ კეისი გვაწვდის საინტერესო ციფრებს: FDIC სადაზღვევო სისტემა მოიცავს 9,8 ტრილიონი დოლარის დეპოზიტებს, თუმცა ამ ინსტიტუტის აქტივები შეადგენს მხოლოდ 126 მლრდ დოლარს (დაზღვეული დეპოზიტების 1%-ზე ოდნავ მეტი). დუგ კეისი კომენტარს აკეთებს ამ მაჩვენებლებზე: „მე გამიკვირდება, თუ FDIC არ დაიშლება და არ მოითხოვს რეკაპიტალიზაციას მთავრობისგან. ეს ფული – დიდი რაოდენობით მილიარდები – სავარა-უდოდ, ჰაერიდან შეიქმნება ფედერალური სახაზინო ვალების ფედერალური სარეზერვო სისტემისადმი მიყიდვით“.

დუგ კეისი ამთავრებს სტატიას სიტყვებით: „ნაწილობრივი დარეზერვების საბანკო სისტემა მისი ამჟამინდელი ფორმით (მთელი მისი სამწუხარო ნიშნებით) კრიტიკულად მნიშვნელოვანია გლობალური ფინანსური სისტემისთვის…“ და მის გადასარჩენად „მსოფლიო მთავრობები და ცენტრალური ბანკები... დაბეჭდავენ სულ უფრო მეტ დოლარს, ფუნტს, ევროს, იენს და ა.შ.“ – აქ კეისი ასრულებს. მე შემიძლია გავაგრძელო მის ნაცვლად: შემდეგ კი დაიწყება ინფლაცია და ჰიპერინფლაცია, რომელიც თუ არ გაანადგურებს ნაწილობრივი დარეზერვების მქონე ბანკებს, მათ არსებობას უაზროს გახდის. სხვა სტატიებში კეისი ამბობს, რომ კაცობრიობა იძულებული იქნება დაუბრუნდეს ტრადიციულ ფულს – ოქროს, რისთვისაც ბანკები საერთოდ არ არის საჭირო.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Casey Doug, (2023). Unsound Banking: Why Most of the World’s Banks Are Headed for Collapse, 2023.
2. https://internationalman.com/articles/unsound-banking-why-most-of-the-worlds-banks-are-headed-for-collapse/ 
2. https://www.fondsk.ru/news/2023/03/14/krah-svb-pokazal-korol-golyj-58748.html 
3. https://www.fondsk.ru/ news/2023/04/14/dag-kejsi-ljuboj- sovremennyj-kommercheskij-bank-rano-ili-pozdno-obank rotitsja-59018.html 
4. Newswire, (2023). Whalen Global Advisors Comments on Silicon Valley Bank, MAR 13, 2023. https://www.newswire.com/news/whalen-global-advisors-comments-on-silicon-valley-bank-21980778 
5. Катасонова В. Ю., (2020). Алхимия денег. Как банки делают деньги… из воздуха" // Серия: «Финансовые хроники профессора Катасонова». (М.: «Книжный мир», 2020).